error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სწავლების ინოვაციური მეთოდები ჯიჯიში
სწავლების ინოვაციური მეთოდები ჯიჯიში
როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები საგანმანათლებლო მასალებით? როგორ დავეხმაროთ მათ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში? რა უნდა შესთავაზო თანამედროვე ტექნოლოგიებთან კარგად ინტეგრირებულ თაობას ისეთი, რომ საინტერესოდ და გასაგებად მოეჩვენოს?...... ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია-ჯიჯიმ (GG) სწავლების ინოვაციური მეთოდების თამამი დანერგვით უპასუხა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ ზუგდიდის გიმნაზიის ინოვაციურ განვითარებაზე ზრუნვა ზოგადსაუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა, დავით სონღულაშვილმა დაიწყო. მისი კონცეფციის თანახმად, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები, დიდაქტიკური თამაშები და სენსორული დაფები მოსწავლეთა დაინტერესებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს: ,,დიდაქტიკური მეთოდით სწავლება მოსწავლეებში საკითხისადმი ცოცხალ ინტერესს აღძრავს, ააქტიურებს მათ გონებას, გამოუმუშავებს წინააღმდეგობის დაძლევის უნარებს, აძლევს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მიიღოს კმაყოფილება მიღწეული შედეგით.“ დაწყებით კლასებში მიღებული გამოცდილება მოსწავლეს გზას სწავლების ახალი ეტაპის - ვირტუალური ლაბორატორიებისაკენ უხსნის.
როგორც დავით სონღულაშვილი ამბობს, GG-ის ხემძღვანელობა ღიაა ინოვაციებიადმი, გიმნაზიის ინფრასტრუქტურაც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლაბორატორიები წარმატებით ფუნქციონირებს.
ვირტუალური ლაბორატორიები
ვირტუალურ ლაბორატორიაში ყველა ცდა სმარტ დაფაზე ტარდება. ეს არ არის ანიმაცია, ეს არის პროცესების მათემატიკური აღწერა. ცდა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც რეალობაში, მაგრამ მოქმედება სენსორულ დაფაზე ვითარდება. შედეგად, მასწავლებელსა და მოსწავლეს ამა თუ იმ პროცესის ან მოვლენის პარამეტრების ცვლილებაში ჩარევის შესაძლებლობა და პროცესის ცვლილების ვიზუალური აღქმის საშუალება ეძლევა.
პროგრამები ვირტუალური ლაბორატორიების და „ვირტუალური კონსტრუქტორების“ სახითაა წარმოდგენილი და ექსპერიმენტი რეალობასთან მაქსიმალურადაა მიახლოვებული. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ამა თუ იმ ფიზიკური მოვლენების შინაარსის გაგება, რადგან ცდა არააღქმადია. „ვირტუალური კონსტრუქტორის“ არსებობის შემთხვევაში მათ საშუალება ეძლევათ თავად ჩაატარონ ექსპერიმენტი და გამოკვლევის საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები, მიიღონ ცოდნა აღმოჩენისა და კვლევის გზით. შედეგად, გაკვეთილი გაცილებით საინტერესო, სახალისო და გასაგები გახდება.

რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები
რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის დანიშნულება მოსწავლის მიერ რეალურ ვითარებაში ცდების ჩატარება და იმავდროულად, მოცემული ცდის თანმხლები უხილავი მოვლენების ვიზუალიზაციაა. თანამედროვე ციფრული ლაბორატორიებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ გრაფიკების ასაგებად და ცხრილების შესადგენად არის განკუთვნილი და არ ჩანს მოვლენის ფიზიკური შინაარსი, აღნიშნული ლაბორატორიის ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი სწორედ ფიზიკური მოვლენების წინა პლანზე წამოწევის უნარია.
ამ ლაბორატორიაში ცდა რეალობაში ტარდება, მაგრამ თვალისათვის დაფარული ფიზიკური მოვლენა ეკრანზე ვიზუალურად ჩანს. მაგ.: გვაინტერესებს რაზეა დამოკიდებული ელექტროტევადობა, ვიწყებთ მანიპულაციებს სპეციალურ დანადგარზე, სმარტ ეკრანზე კი ჩანს რა ხდება გამტარის შიგნით - ელექტრონები როგორ მოძრაობენ და ა.შ. ჩვეულებრივ შემთხვევაში, მოსწავლე მხოლოდ გარედან ხედავს გამტარს და წარმოდგენა არ აქვს მიმდინარე უხილავ პროცესებზე.
გამოყენებითი ფიზიკის გაკვეთილები
არსებობს ასეთი გამონათქვამი - „ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრებისათვის და არა სკოლისათვის“. მაგალითად, რომ გავარკვიოთ, რომელიმე ტიპის რობოტის მუშაობის პრინციპი, საჭიროა, შევისწავლოთ მექანიკა, ელექტროობა, რხევები და ტალღები, ოპტიკა, პროგრამული ენები და პროგრამირების ალგორითმები. ამ ყველაფერს გამოყენებითი ფიზიკის გაკვეთილები მოიცავს. მოსწავლეები ერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში - ანალოგიური მოწყობილობების შექმნის პროცესში. გაღრმავებული ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება ამ მეთოდის ყველაზე სასიამოვნო რეზულტატია : ,,GG-ში შევქმენით რობოტი, რომელიც დადის შავ ხაზზე წინაწარ განსაზღვრული ტრაექტორიის შესაბამისად. ის არჩევს შავსა და თეთრ ფერს. მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ, რომ ეს ქმნილება მოიცავს პროგრამირებისა და ოპტიკის საკითხებს. ამ მეთოდის შედეგად, მე-6 კლასელმა ბავშვებმა 3 გაკვეთილში ძალიან კარგად აითვისეს გეომეტრიული ოპტიკა, მე-10 კლასის მასალა“ - ამბობს დავით სონღულაშვილი. მისივე თქმით, სწორედ სასწავლო მასალის მაქსიმალურად გაგებაა თანამედროვე ინოვაციური სწავლების მთავარი მიზანი: არის ერთი ჩინური ანდაზა: „მომიყევი - დამავიწყდება; მაჩვენე - შესაძლოა, დავიმახსოვრო; გამაკეთებინე და გავიგებ.“

31 JANUARY, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.