ხუმრობები
თოვლის ბაბუას
წერილი თოვლის ბაბუას - 'იქნებ შარშან არასწორად მოგწერე, Porshe.....'
დებულება
“ვამტკიცებ”

შპს „ალექსანდრე ღურწკაიას
გიმნაზია-ჯიჯი”-ს
დირექტორი მათე კიკალიშვილი

_____________________


დებულება


„ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია -ჯიჯის“ შესახებ
ქ.ზუგდიდი



თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სტატუსი
1. ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია (შემდგომში – გიმნაზია) არის შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია-ჯიჯი“-ს (შემდგომში დამფუძნებელი) მიერ, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული სტრუქტურული ქვეერთეული, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ეტაპობრივად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდებას დაწყებით, საბაზო, და საშუალო საფეხურზე. გიმნაზია, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს სკოლამდელი, დამატებითი, პროფესიული და არაფორმალური განათლების პროგრამები, მოსწავლეთა კვებასა და სწავლებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რომე¬ლიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
2. გიმნაზია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიის-ჯიჯი”-ს “ წესდების, ამ დებულების, გიმნაზიის შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. ქონება, რომელშიც განთავსებულია გიმნაზია წარმოადგენს მესამე პირის კერძო საკუთრებას, რომლის მმართველ იურიდიულ პირად, ქონების მინდობის ხელშეკრულებით, განსაზღვრულია დამფუძნებელი.
4. დამფუძნებელი - შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი” (ადრინდელი სახელწოდება - შპს „რეზონანსი - საქართველო“ რეგისტრირებულია 28 სექტემბერი, 2006 წ. (საიდეტიფიკაციო კოდი: 220389559) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
5. გიმნაზიას გააჩნია თავისი ქვეანგარიში დამფუძნებლის ბუღალტერიის ფარგლებში და არა აქვს უფლება დამოუკიდებლად საბანკო ანგარიშის გახსნისა.
5. გიმნაზია იყენებს ასევე შემოკლებულ სახელწოდებებს: „ღურწკაიას გიმნაზია“ ან/და „ჯიჯი“ ინგლისურ ენაზე „GG-alexsander Gurtskaia Gymnasium“. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ატრიბუტიკა (ლოგო, ჰიმნი, ალამი, ბლანკიანი ქაღალდი, გიმნაზიის საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია), გიმნაზია იყენებს დამფუძნებლის ბალანსს, მრგვალ ბეჭედს და საბანკო ანგარიშებს;
6. გიმნაზიის იურიდიული მისამართია ქ. ზუგდიდი, ცაიშვილის ქ. N32. საფოსტო ინდექსი 2100; ტელეფონი: 0415253040.

მუხლი 2. მისია, მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიის მისიაა ხელი შუწყოს:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და საჭირო ცოდნის შეძენას;
გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
დ) მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და მათ მიერ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებასა და შესრულებას.
2. გიმნაზიის მიზნებია:
ა) მოსწავლეთა/აღსაზრდელთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება;
ბ) მოსწავლეთა/აღსაზრდელთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
გ) სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემა;
გ) ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის;
3. ძირითადი მიზნების მისაღწევად დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეიმუშაოს, მიიღოს და დანერგოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) დამოუკიდებლად შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სასწავლო რეჟიმი და საგაკვეთილო ცხრილი ეროვნული სასწავლო გეგმის გთვალისწინებით;
გ) შეარჩიოს სასწავლო–აღმზრდელობითი საშუალებები, მეთოდები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და თვალსაჩინოებები;
დ) დანერგოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტების გათვალისწინებით;
ე) განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროგრამები და შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება;
ვ) მოიზიდოს დამატებითი საფინანსო წყაროები ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის თვით შრომითი კოლექტივის წევრებისაგან, ურთიერთხელსაყრელი პირობებით. აგრეთვე მიიღოს შემოწირულობები, მათ შორის უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა თუ მოქალაქეებისგან;
ზ) დაამყაროს პირდაპირი კავშირები უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) განახორციელოს სხვა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით, ნებადართული საქმიანობა
4. გიმნაზიის მისია იქმნება სკოლის დირექციისა და პედაგოგების მონაწილეობით, განიხილება და მტკიცდება გიმნაზიის საბჭოზე.

თავი II. გიმნაზიის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3. გიმნაზიის სტრუქტურა

1. გიმნაზია არის დამფუძნებლის სტრუქტურული ქვეერთეული, რომელიც თავის მხრივ მოიცავს გიმნაზიის დირექციას, საპატიო პრეზიდენტს, გიმნაზიის საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, მშობელთა და მოსწავლეთა თვითმმართველობას, მზრუნველთა საბჭოსა და დისციპლინურ კომიტეტს.
მუხლი 4. დამფუძნებლის უფლებამოსილება
დამფუძნებელი:
ა) ამტკიცებს გიმნაზიის დებულებას, შინაგანაწესს, ბიუჯეტს, საშტატო განრიგსა და წლიურ ანგარიშებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ნიშნავს თანამდებობაზე და ანთავისუფლებს გიმნაზიის ნებისმიერ მუშაკს,აგრეთვე დირექტორს;
გ) უზრუნველყოფს გიმნაზიას დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის მომსახურებას არააკადემიურ - ადმიისტრაციულ, ფინანსურ-ეკონომიკურ, სამეურნეო, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა, სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დარგში;
დ) აკონტროლებს გიმნაზიის დირექციის მიერ ეკონომიკურ მოქმედებებს და ქონების განკარგვას;
ე) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

მუხლი 5. გიმნაზიის მართვა

1. გიმნაზიის მართვა წარმოებს:
ა) დამფუძნებლის მიერ - არასასწავლო დარგში;
ბ) გიმნაზიის დირექციის მიერ - სასწავლო დარგში;

2. გიმნაზიის დირექცია შედგება გიმნაზიის დირექტორის, მისი მოადგილეებისა, თანაშემწეებისგან და სხვა, საშტატო განრიგით განსაზღვრული ერთეულებისგან, რომლებიც ახორციელებენ მის მართვას აკადემიურ დარგში.
3. გიმნაზიის დირექტორი ინიშნება თანამდებობაზე დამფუძნებლის ბრძანებით და მოქმედებს მის მიერ გაცემული მინდობილიბის შესაბამისად.
4. გიმნაზიის დირექტორად, მოადგილედ და თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი (მაგისტრის) განათლება და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის არანაკლებ: დირექტორად - 5 წლის; მოადგილედ - 3 წლის; თანაშემწედ - 2 წლის, სტაჟი.
5. გიმნაზიის დირექტორი, დამფუძნებლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე და ფარგლებში:
ა) ახორციელებს გიმნაზიის მართვას სასწავლო და მასთან შესაბამის ეკონომიკურ დარგში;
ბ) წარუსდგენს გიმნაზიას მესამე პირებთან ურთიერთობებში და დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებს;
გ) წარმართავს, გიმნაზიის სტრუქტურული ერთეულების თანამონაწილეობით, სიტუაციის შეფასების, პრიორიტეტების დასახვის, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავების პროცესს და უზრუნველყოს მათ, შესრულებას რესურსების ოპტიმალური გამოყენებით;
დ) დამფუძნებელს დასამტკიცებლად წარუდგენს:
- დირექციისა და სხვა, მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლების დანიშვნაზე კანდიდატურებს;
- გიმნაზიის შინაგანაწესს;
- გიმნაზიის ბიუჯეტს;
- საშტატო განრიგს;
- წლიურ ანგარიშებს;
-რეკომენდაციებს, დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების, ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მისი პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევებში;
-რეკომენდაციებს დაქვემდებარებული თანამშრომლების წახალისების, პრემირების და აგრეთვე დასჯის შესახებ;
- ტესტირება გავლილი და მშობლებთან ხელშეკრულება დადებული აღსაზრდელთა სიას, მათი გიმნაზიაში ჩარიცხვის და მისი მოსწავლის სტატუსის მოპოვების მიზნით.
- მოსწავლეთა სიას, რომლებიც სარგებლობენ შეღავათის უფლებით;
-პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებულ მიმართვას, სტიპენდიების, პრემიების, ჯილდოების, ფინანსური დახმარების, შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე დანიშვნის შესახებ;
- განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ე) პედსაბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და განახორციელებს გიმნაზიის სასწავლო გეგმას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეთა ინტერესებს, შესაძლებლობებსა და განვითარების დონეს;
ვ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ზ) შეიმუშავებს და გახორციელელებს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დამფუძნებელთან დადებასა და შესრულებას.
თ) უზრუნველყოფს ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობას გიმნაზიის თითოეული პედაგოგისათვის;
ი) განკარგავს თანხებს, დამფუძნებლის მიერ დამტკიცებულ წლიური ბიუჯეტის ფარგლებში. გადაუდებელი აუცილებლობისას, დამფუძნებელთან თანხმობის გარეშე გადაანაცვლის, ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში.
კ) აბარებს ანგარიშს გიმნაზიის საბჭოს გასული სასწავლო წლის შედეგებისა და ახალი სასწავლო წლის გეგმების შესახებ;
ლ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
მ) გამოსცემს, თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ო) აგებს პასუხს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ჟ) თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
რ) ახალდაფუძნებულ გიმნაზიაში მართვისა და თვითმმართველობის სტრუქტურების შექმნამდე უფლებამოსილია შეასრულოს მათი ფუნქციები;

მუხლი 6. საპატიო პრეზიდენტი


1. საპატიო პრეზიდენტის წოდების მინიჭება ხდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.
2. საპატიო პრეზიდენტს უფლება აქვს, დირექტორის წარდგენით, დამფუძნებელთან და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დანიშნოს სტიპენდიები და ჯილდოები შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე, ასევე დააყენოს საკითხი ვადამდე სახდელის მოხსნის შესახებ.

მუხლი 7. გიმნაზიის საბჭო

1. გიმნაზიის საბჭო არის გიმნაზიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედიან დამფუძნებელი, დირექტორი, ასევე პედაგოგიური საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მშობელთა დარბაზის და მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელები.
2. გიმნაზიის საბჭოს უძღვება თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს წევრთაგან.
3. გიმნაზიის საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ მაინც.
4. გიმნაზიის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
5. გიმნაზიის საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია გიმნაზიის საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 8. გიმნაზიის საბჭოს ფუნქციები


გიმნაზიის საბჭო:
ა) განსაზღვრავს სკოლის მისიასა და ხედვას;
ბ) განიხილავს და ითანხმებს სტრატეგიულ და ერთწლიან გეგმებს;
გ) ამტკიცებს კომიტეტების შემადგენლობას და ისმენს მათ ანგარიშებს;
დ) ისმენს დირექტორის ანგარიშს სასწავლო წლის შედეგების შესახებ;
ე) განიხილავს საჩივრებს;
ვ) ამტკიცებს მზრუნველთა საბჭოს წევრების რაოდენობას, კანდიდატურებს და ფუნქციებს;

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის გიმნაზიის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის გიმნაზიის ყველა პედაგოგი.
2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს გიმნაზიის საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

მუხლი 10. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:
ა) დირექტორთან შეთანხმებით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;
ბ) დირექტორთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
გ) ირჩევს და გადაირჩევს თავის წარმომადგენლებს კომიტეტებში.

მუხლი 11. კათედრა

1. დირექცია უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ; აგრეთვე შესაძლებელია შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2. კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
3. კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის საქმიანობას წარმართავს ხელმძღვანელი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყებამდე ნიშნავს დირექტორი. კათედრების ხელმძღვანელები შეირჩევიან თვით საგნობრივი ჯგუფის/საფეხურის წევრ პედაგოგთა შორის ან მოწვევიან.
4. კათედრის ხელმძღვანელის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება;
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება.
5. კათედრა კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე და სემესტრში მინიმუმ ერთხელ.

მუხლი 12. მოსწავლეთა თვითმმართველობა


1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს გიმნაზიის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს გიმნაზიის საბჭოს თავმჯდომარე;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
ვ) თუ საბაზო ან საშუალო საფეხურზე თითოეულზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი – გიმნაზიის დირექტორთან.
თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ხოლო საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები იმავე წესით ირჩევენ აგრეთვე გიმნაზიის საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს.
5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
6. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს გიმნაზიის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია გიმნაზიის საბჭოსა და დირექციას წარუდგინოს წინადადებები გიმნაზიისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს კომიტეტებში;
დ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის კლუბებს.

მუხლი 13. მშობელთა სათათბირო

1. გიმნაზიიის მართვაში მშობელთა ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მიზნით გიმნაზიაში შესაძლებელია შეიქმნას მშობელთა სათათბირო, რომელიც მშობელთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და მისი მიზანია გიმნაზიასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, მშობელთა მონაწილეობა გიმნაზიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
2. მშობელთა სათათბიროში სავალდებულო წესით შედის ყოველი კლასის მშობელთა წარმომადგენელი, რომელსაც ერთი წლის ვადით ირჩევს ამ კლასის მშობელთა კრება არაუგვიანეს ერთი თვისა საწავლო წლის დაწყებიდან.
3. მშობელთა სათათბირო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.
4. სათათბიროს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ მაგრამ არანაკლებ სემესტრში ერთი სხდომისა; სათათბიროს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით მაგრამ არანაკლებ ხმების მესამედისა, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება თავმჯდომარის ხმას.
5. მშობელთა სათათბირო:
ა) განიხილავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშვებს რეკომენდაციებს სკოლის ინფრასტრუქტურული და აკადემიური განვითარების შესახებ
ბ) ირჩევს წარმომადგენელს კომიტეტებში
გ) მონაწილეობს სკოლის პერსპექტიული გეგმის შემუშვებაში

მუხლი 14. დისციპლინური კომიტეტი

1. დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით გიმნაზიის საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
2. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
3. გიმნაზიის საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, 1 წლის ვადით, ირჩევს დისციპლინური კომიტეტის წევრებს. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:
ა) მშობლების სათათბიროს;
ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

მუხლი 15. მზრუნველთა საბჭო


1. მზრუნველთა საბჭო აერთიანებს საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მნიშვნელოვან მორალურ, ინტელექტუალურ, მატერიალურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევენ გიმნაზიას ან ზრუნავენ დამატებითი რესურსების მოზიდვაზე.
2. მზრუნველთა საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს გიმნაზიის საბჭო.
3. მზრუნველთა საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია გიმნაზიის საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. მზრუნველთა საბჭო:
ა) ირჩევს მზრუნველთა საბჭს თავმჯდომარეს და ისმენს მის ანგარიშს:
ბ) ისმენს დირექტორის ინფორმაციას სასწავლო წლის შედეგების შესახებ;
გ) ამტკიცებს ფანდრაიზინგის ღონისძიებათა გეგმას.

თავი III. სასწავლო პროცესი

მუხლი 16. სასწავლო პროცესი


ა) გიმნაზიის დირექცია დამოუკიდებელია სასწავლო პროცესის ფორმის, მეთოდების არჩევისას, საქართველოს კანონის “ზოგადი განათლების შესახებ” შესაბამისობის დაცვით.
ბ)მოსწავლეთა გიმნაზიაში მიღების პირობები განისაზღვრება ცალკე დებულებით.
გ) მოსწავლეთა გიმნაზიაში ჩარიცხვა წარმოებს დამფუძნებლის ბრძანებით, გიმნაზიის დირექტორის მიერ წარსდგენილი სიის საფუძველზე.

ბ) გიმნაზია აწარმოებს სასწავლო პროცესს სასწავლო წლებთან შესაბამისად შემდეგი თანმიმდევრული პროგრესიით:

• 2013-2014წწ. - 1-6 კლასები;
• 2014-2015წწ. - 1-7 კლასები;
• 2015-2016წწ. – 1-8 კლასები;
• 2016-2017წწ. – 1-9 კლასები;
• 2017-2018წწ. – 1-10 კლასები;
• 2018-2019წწ. – 1-11 კლასები;
• 2019 წლიდან – 1-12 კლასები;

გ) სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მიერ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო საგნების ღრმად ათვისებაში.

დ) ზოგადი განათლების პროგრამები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული სატანდარტით და გიმნაზიის მიერ სრულდება დამოუკიდებლად. საგნობრივი საათების რაოდენობა არა შეიძლება იყოს ნაკლები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რაოდენობისა.

ი) სასწავლო პროცესის განსახორციელებლად გიმნაზია ამუშავებს და ამტკიცებს დამფუძნებელთან წლიურ სასწავლო გეგმას, წლიურ კალენდარულ სასწავლო გრაფიკს და გაკვეთილების ცხრილს. სასწავლო გეგმის შედგენა წარმოებს გიმნაზიის მიერ დამოუკიდებლად, ეროვნული საბაზისო სასწავლო გეგმასთან შესაბამისად.

კ) სასწავლო პროცესის განხორციელების ენა -ქართული.
ლ) ყოველი სასწავლო წელი გიმნაზიაში იწყება 20 სექტემბერს, მთავრდება -20 ივნისს. (1 კლასი - 20 მაისს);
მ) არდადეგების ხანგრძლივობას ადგენს გიმნაზიის დირექტორი, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა სასწავლო წელში;
ნ) დღის რეჟიმი: სასწავლო პროცესი გიმნაზიაში იწება 9.30 და მმთავრდება 16.00. შესვენებები:
ნ)პროფილური გაკვეთილების ჩატარებისას შესაძლოა კლასების 2-3 ჯგუფებად დაყოფა.
ჯ) დამატებითი, არააუცილებელი გაკვეთილები:….
ო) გიმნაზიის დამთავრების შემდაგ მოსწავლეს გაეცემა დადგენილი ნიმუშის ატესტატი.
პ) მოსწავლის მიერ ცუდი აკადემიური მაჩვენებლების შემთხვევაში, გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის შეიძლება წარსდგეს დამფუძნებლის წინაშე გასარიცხად.

მუხლი 17. სასწავლო პროცესის მონაწილეები

ა) სასწავლო პროცესის მონაწილეებია: მოსწავლე, მასწავლებელი და სხვა ყველა გიმნაზიის და დამფუძნებლის თანამშრომლები.


თავი III. გიმნაზიის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 18. გიმნაზიის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გიმნაზიას დადგენილი წესით, დამფუძნებელი გადასცემს შესაბამის ქონებას - სასწავლო-რეკრეაციულ რესურსებს და აუცილებელ აღჭურვილობას.

მუხლი 18. გიმნაზიის ფინანსები


1. გიმნაზიის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესაბამისად, აგრეთვე გიმნაზიის მიერ ეკონომიკური მოქმედებებით საგანმანათლებლო დარგში.
2. გიმნაზიას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.
4. გიმნაზიის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

მუხლი 19. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. გიმნაზიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას უზრუნველყოფს დამფუძნებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
2. გიმნაზიის წლიურ ბალანსს და ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ამოწმებს დამფუძნებლის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლი.

გიმნაზიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანო.
თავი IV. გიმნაზიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, გიმნაზიის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

მუხლი 20. გიმნაზიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია


1. გიმნაზიის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამფუძნებელი.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის დამფუძნებლის განკარგვაში.

მუხლი 21. გიმნაზიის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

გიმნაზიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დამფუძნებლის მიერ, საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით.


თავი V. განსაკუთრებული დებულებანი

მუხლი 22. პანსიონი

1. გიმნაზია უფლებამოსილია გახსნას პანსიონი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა და მოწვეულ პედაგოგთა და სტუმართა უზრუნველყოფას საცხოვრებელი პირობებითა და კვებით.
2. პანსიონის ხარჯები შეიძლება დაიფაროს საკუთარი ბიუჯეტის სახსრებით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

21 აგვისტო, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.