error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ძვირფასო მეგობრებო!
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, ჩანახატები, დღიურები, საჩივრები და შენიშვნები, მოწოდებები, წამახალისებელი ტექსტები, რომანტიკული ჩანაწერები და ა.შ. თემის, ენის, მოცულობის, შინაარსისა და ფორმის შეუზღუდავად გადმოაგზავნოთ საიტის ადმინისტრატორს გამოსაქვეყნებლად,  მისამართზე: dag65@mail.ru.
გმადლობთ მონაწილეობისათვის! თქვენი GG Smileclear
ფსიქოლოგიური დრო

ნოდარ სარჯველაძე!
ფსიქოლოგიური დრო მეტად ფაქიზი ფენომენია.

ფსიქიკა არ არის განფენილი რამ, განცდებსა და აზრებს არც სამგანზომილებიანი სივრცე აქვს, არც სისქე, არც სიგრძე და არც სიგანე, მათ ვერც დაინახავ, ვერც ხელს მოჰკიდებ, ვერც აწონი. სამაგიეროდ ფსიქიკური სამყარო ხანიერობითა და დროულობით ხასიათდება, იგი მთლიანად ჩაძირულია დროში. მაგრამ ფსიქოლოგიური დრო სუბიექტურობით ხასიათდება და სრულიადაც არ შეესაბამება ხანგრძლივობით, ტემპითა და სიჩქარით იმას, რასაც ობიექტური დრო გადმოსცემს და ზომავს. ფსიქოლოგიური დრო ხან იწელება, ხან იკუმშება, ხან სწრაფლმავალია, ხანაც ნელი ზოზინით მიედინება, ხანაც სულ მთლიანად შეჩერებული და „გაყინულია“. ფსიქოლოგიური დროს მრავალგვარი ნაირსახეობებიდან მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ: ეს გახლავთ დროითი ორიენტაცია ანუ რაზეა ადამიანი მიმართული – აწმყოზე, წარსულზე თუ მომავალზე. ადამიანთა ერთ კატეგორიას ახასიათებს ის, რომ წარსულით ცხოვრობს. ამ დროს ადამიანი მეტწილად მოგონებებშია ჩართული. იგი აწმყოში კი ცხოვრობს ფიზიკურად, მაგრამ გულითა და გონებით გუშინდელშია ჩარჩენილი, წარსულშია ჩასახლებული. მას უკან ექაჩება დაუმთავრებელი საქმეები, წარსულის წყენანი და მოუშუშებელი ტკივილები. ამ დროს აწმყოსთან კონტაქტი შემცირებულია, ხოლო უარეს შემთხვევაში გაწყვეტილიც კი არის. ამ შემთხვევაში ორი უკიდურესობა ემართებათ ადამიანებს: 1) ისინი ან ტკბებიან წარსულის ბედნიერი წუთების მოგონებით, მისტირიან მას და სურთ მოხდეს სასწაული – ხელახლა დაბრუნდეს ის ნეტარი დრო („ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს, ჩვენი ბავშვობა და სილამაზე“); 2) ან კიდევ სულ იმ ტკივილზე დარდობენ და საუბრობენ, რაც წარსულში გადახდათ. ამის რადიკალურად საპირისპირო ვარიანტია ის, როცა ადამიანი მთლიანად მომავალშია გადასროლილი. ის ოცნებებს იმდენად მისცემია, რომ რეალობის გრძნობა ღალატობს. მომავლის ვექტორი ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანია, რათა ცხოვრებას ჰქონდეს პერსპექტივა და ააგო წარმატებული მომავალი. ასეთი სამომავლო პერსპექტივისა და წარმატებისათვის კი სრულიად აუცილებელია, რომ მომავლის გეგმა და ხატი აწმყოში მოცემული რეალობის გათვალისწინებით აიგოს. ხშირად მომავალზე ნამეტნავად ორიენტირებული ადამიანები სწყდებიან აწმყო რეალობას და მომავლის ხატს აგებენ ან ზედმეტად ვარდისფერ ან ზედმეტად შავ ფერებში: ერთის მხრივ, მომავალი დახატულია, როგორც იმედებისა და ოცნებების სრული ახდენა და იღბლის შედეგი, ჯადოსნური და მაგიური ჯოხის მოქნევით მობრძანებული სასურველი ვითარება; მეორეს მხრივ, მომავალი შავი ფერებითა და კატასტროფების მოლოდინითაა წარმოდგენილი. თუკი მომავალი მეტად ვარდისფერ ფერებშია დახატული და ოცნებები ჩაიშალა, ადამიანი ისეთ იმედგაცრუებას განიცდის, რომ ხელჩაქნეულობისა და შეძენილი უსუსურობის სინდრომი უვითარდება, ხოლო თუკი კატასტროფული აზრების შესაბამისი სიტუაცია შეიქმნა, ადამიანი ბედუკუღმართობის განცდის ჭაობში ამოჰყოფს თავს. როგორც წარსულზე , ისე მომავალზე ნამეტნავად ორიენტაცია წარუმატებლობის, ბედუკუღმართობის, უსუსურობისა და ხელჩაქნეულობის წინაპირობაა. რატომ? ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ წარსულზე და მომავალზე სრული ორიენტაცია აწმყოს იგნორირებისა და ერთგვარი „მოკვლის“ ხარჯზე ხორციელდება. საქმე იმაშია , რომ რეალურად ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ აწმყო არსებობს: წარსულმა უკვე ჩაიარა და უკვე აღარ არის, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა და ამდენად რეალურად იგი არარსებულია. ცხოვრების ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ აწმყო არსებობს რეალურად, ხოლო წარსული და მომავალი ფიქტიურია რეალური არსებობის თვალსაზრისით. ცხოვრება კი მოცემული მომენტების ანუ აწმყოების დინება და ურათიერთ მიმდევრობაა. ამიტომაც წარსულზე ან მომავალზე ორიენტაცია მაშინ, როცა რეალურად აწმყოში იმყოფები, აწმყოს ანუ არსებულის და რეალურის ერთგვარი იგნორირება, მისი „მოკვლაა“ და მისგან გაქცევაა. ვინც წარსულსა და მომავალში ასეთი გადამეტებული გადასროლილობის თუ გადასახლების გამო აწმყოს გამოტოვებს, ამით იგი თავისი ცხოვრების იმ მომენტებს უგულვებელჰყოფს, რომელიც მხოლოდ მან უნდა გამოიცხოვროს. თუკი ეს რეგულარულად და ყოველთვის ხდება, მაშინ გამოდის რომ ადამიანი რეალურად არასოდეს ცხოვრობს და იგი ეუბნება სიცოცხლეს „არა“–ს. გამოტოვებული, განდევნილი, დათრგუნული („მიჭირხვნული“), უარყოფილი და „მოკლული“ აწმყო (ანუ რეალური არსებობა) ადამიანს უკან უბრუნდება ავადმყოფური სიმპტომებით, ფსიქოსომატური დარღვევებით, პიროვნული ზრდის შეჩერებითა და სტაგნაციით. უკვე განვლილ და ჯერ არ–დამდგარ მომავალზე ორიენტაცია ადამიანს უქმნის იმ შინაგან განცდას, რასაც ჰქვია „ცხოვრებამ გვერდით ჩაიარა“.
გამოტოვებული და განდევნილი აწმყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის გახლავთ, რომ წარსული უშუალოდ გადაებმება მომავალს. წარსულის ასეთ უშუალო გადასვლა მომავალში იმაში გამოიხატება, რომ ცხოვრება მუდამ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ადგილი არა აქვს პოზიტიურ ცვლილებებს და წარსულის შეცდომები ან ტკივილები ხელახლა მეორდება ხვალინდელ დღეში. ადამიანს აქვს განცდა, რომ განწირულია უცვლელობისათვის, ვერ შეცვლის უკუღმართი ბედის მუდმივად ტრიალს. იგი წარსულის საფუძველზე ასკვნის, რომ ერთი და იგივე ტკივილები, შეცდომები, მარცხი და წარუმატებლობა გარდაუვალია, რადგან მას ასე „უწერია“. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ილუზორული განცდა აქვს, თითქოს მომავალი სათავეს წარსულში იღებს. სინამდვილეში ხვალინდელი დღის, მომავლის სათავე დღევანდელ დღეშია, აწმყოშია. მომავალი აწმყოში იბადება. ამიტომაც ჩვენ უკვე ახლა, აწმყოში შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი აზრები და ქმედებები, ხოლო ამის შედეგებს უკვე სამომავლოდ მოვიმკით. რასაც ვთესავთ აწმყოში, იმას მოვიმკით მომავალში. ეს გახლავთ კარმის ანუ ბედისწერის მართვის უმთავრესი კანონი.
შევაჯამოთ: აწმყოს განდევნისა და გამოტოვების ხარჯზე წარსულსა და მომავალზე გადამეტებული ორიენტაცია იწვევს (1) სხვადასხვა სახის დარღვევბს და (2) ცვლილებების დაბლოკვასა და ერთსა და იმავე წრეზე ბედუკუღმართ ტრიალს. ამიტომაც არსებობს გამოთქმები „დაიჭირე წამი“ ან „წამო შეჩერდი“. ბუდდამ მიუთითა, რომ უნდა იცხოვრო არა „იქ და იმჟამად“ არამედ „აქ და ამჟამად“. ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ „მომავალმა თავის თავზე იფიქროს“. გიორგი გურჯიევი თავის მოწაფეებს სთავაზობდა „სდექ“ სავარჯიშოებს, როცა მოულოდნელ შეძახილზე ‘სდექ“ ადამიანი გაქვავდებოდა იმ პოზიციაში, რაშიც იყო და იწყებდა იმის გაცნობიერებას თუ სად იმყოფება, ვინ არის, რას ხედავს, რა ესმის ან რას გრძნობს. გეშტალტთერაპიის მამამთავარი ფრედერიკ პერლზი განუდგა ზ.ფროიდის ფსიქოანალიტიკურ მეთოდს მისი ნამეტნავი ორიენტაციის გამო წარსულის ჩიჩქნაზე და ფსიქოთერაპიაში დანერგა ე.წ.„აქ და ამჟამად“ პრინციპი, რაც აწმყოს გაცნობიერებასა და მასზე მიმართულობის კულტივირებას გულისხმობს. მეც მსურს დაეუფლოთ „აქ და ამჟამად“ ცხოვრების უნარ–ჩვევას, რათა თქვენდა სასიკეთოთ მართოთ თქვენი ბედისწერის სცენარი, შეცვალოთ, განაახლოთ და ხელახლა გადაიაზროთ ან გადაწეროთ იგი.
აქ მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ფ. პერლზის სავარჯიშოები, რასაც იგი ადამიანებს სთავაზობდა.

 

1. დაიწყეთ მხედველობითი აღქმით. მიმოიხედეთ ირგვლივ და გააცნობიერეთ, თუ რას ხედავთ. შინაგანი ფრაზები შეიძლება შემდეგნაირი იყოს: მე ახლა ამასა და ამას ვხედავ, ახლა აქ ესა და ეს შევამჩნიე... გარემოს ვიზუალური გაცნობიერების ეს სავარჯიშო შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1) ამასა და ამას ვხედავ აქ და ამ წუთას, 2) სწორედ მე ვხედავ ყოველივე ამას; ჩემი „მე“ არის ის აქტიური საწყისი, ვინაც ხედავს აქ და ახლა ამასა და ამას.

2. გამოჰყავით და გამოკვეთეთ, სპეციალური ყურადღების საგნად აქციეთ რაიმე საგანი თქვენს ვიზუალურ ველში, გამოკვეთეთ იგი როგორც „ფიგურა“ და გამოჰყავით იგი იმ „ფონისაგან“, რაც მას თან ახლავს და რაშიც იგია ჩართული. ამის შემდეგ გადაინაცვლეთ „ფიგურიდან“ და გადაიტანეთ ყურადღება ყოფილ „ფონზე“. ასე და ამგვარად, რამდენიმეჯერ „ფიგურა“ გადააქციეთ “ფონად“ და „ფონი“ გადაქციეთ „ფიგურად“. ისწავლეთ „ფიგურა–ფონის“ ასეთი სწრაფი გადანაცვლება–ტრანსფორმაცია.

3. დახუჭეთ თვალები და გააცნობიერეთ თუ რა გესმით. იქეცით სმენად აქ და ამჟამად. შინაგანი ფრაზები შეიძლება შემდეგნაირი იყოს: მე ახლა ესა და ეს მესმის, ახლა აქ ესა და ეს ჟღერს ან ისმის ან ხმაურობს ან კივის ან ჰყვირის, ახლა დუმილია, სიჩუმეა......

გარემოს სმენითი (აუდიალური) გაცნობიერების ეს სავარჯიშო შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1) ესა და ეს მესმის აქ და ამ წუთას, 2) სწორედ მე ვუსმენ ყოველივე ამას; ჩემი „მე“ არის ის აქტიური საწყისი, ვინაც უსმენს და ვისაც ესმის ესა და ეს აქ და ამჟამად.

4. გამოჰყავით ის რაც ისმის ოთახში იმისაგან, რაც ბგერების, ხმების ან ხმაურის სახით შემოდის გარედან. აქციეთ ოთახში არსებული ბგერები, ხმები, ხმაური ან სიჩუმე „ფიგურად“ და გაამახვილეთ მასზე ყურადღება და გარედან შემომავალი სმენითი გამღიზიანებლები ან ინფორმაცია აქციეთ „ფონად“, ხოლო ამის შემდეგ გარედან შემოსული ხმაური აქციეთ „ფიგურად“, ხოლო ოთახის ბგერითი ატმოსფერო ან სიჩუმე „ფონად“. ამის შემდეგ გაივარჯიშეთ „ფიგურა–ფონის“ სწრაფ გადანაცვლებაზე.

5. გაივარჯიშეთ იმაზე, რომ ერთდროულად ვიზუალურად და აუდიალურად კარგად გააცნობიეროთ თუ რას ხედავთ და რა გესმით აქ და ამჟამად.

6. დახუჭეთ თვალები და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა შეგრძნებებს გიგზავნით საკუთარი სხეული. დააკვირდით თუ როგორ სუნთქავთ და იქეცით სუნთქვად, მოუსმინეთ გულისცემას და იქეცით გულისცემად, შეიგრძენით რას გრძნობთ თავში, სახეზე, ყელში, მკერდში, მუცელში, წელზე, მხრებზე, ხელებსა და ფეხებში. ბლომად აკრიფეთ სხეულებრივი შეგრძნებები. ისწავლეთ იმ ინფორმაციის აკრეფა, რასაც შეგრძნებების სახით გაწვდით სხეული. სხეულის შეგრძნებები მისი ენაა. იგი შეტყობინებაა, მესიჯია, რის ამოკითხვასაც თავისი პრაქტიკული ღირებულება გააჩნია.

7. აირჩიეთ რომელიმე ერთი შეგრძნება და იგი აქციეთ „ფიგურად“, გაამახვილეთ მასზე ყურადღება და დანარჩენი სხეულებრივი შეგრძნებები აქციეთ „ფონად“. ამის შემდეგ მოახდინეთ მრავალჯერადი „ფიგურა–ფონის“ გადანაცვლებები.

8. მიუშვით თქვენი აზრები თვითდინებაზე და დააკვირდით როგორც გარე დამკვირებელმა თუ რა აზრები მიდი–მოდის ტვინში. მიეცით თქვენს თავს ანგარიში იმაზე, რომ ახლა ეს აზრი მოფრინდა, ამა და ამ აზრმა ჩაიარა, ესა და ეს მოგონება ან ასოციაცია შემოვიდა, ესა და ეს წარმომიდგა თვალწინ და ა.შ. ისწავლეთ აზრებზე ისე დაკვირვება, როგორც თქვენი სახლის აივნიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ მოძრავ მანქანებს, როცა ერთმა მანქანამ ჩაიარა, მეორემ, მესამემ შეაჩერა სვლა, მეოთხემ სიგნალი მისცა და ა.შ. მიმდინარე აზრებზე ასეთი დისტანცირებული დაკვირვების უნარი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ საკუთარ თავს, მართოთ თქვენი აზრები, შეცვალოთ თქვენი წარმოდგენები, ააგოთ ეფექტური ცხოვრება, დაგეგმოთ წარმატების მიღწევა.

9. აირჩიეთ თქვენი წარსულის რომელიმე კადრი და აწმყოს პოზიციებიდან მოიგონეთ იგი და დააკვირდით მას. გაიხსენეთ მაშინდელი ამბები, ოღონდ ამ გახსენებას დაამატეთ იმის განცდა, რომ ახლა უკვირდებით იმას აწმყოს გადასახედიდან, რაც მაშინ, იქ მოხდა და უკვე დამთავრებულია. ისწავლეთ წარსულის მკაფიო გამიჯვნა აწმყოსაგან.

10. აირჩიეთ თქვენი რომელიმე სამომავლო იდეა ან გეგმა და ოცნება, კარგად წარმოიდგინეთ იგი და დაამატეთ ის განცდა, რომ აწმყოს გადასახედიდან აკვირდებით სამომავლო ვითარებას. ისწავლეთ აწმყოს მკაფიო გამიჯვნა მომავლისაგან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წარმატების გარდაუვალად მიღწევის ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომ „ჩაჯდე“ უკვე მიზან–მიღწეულის როლში ანუ ოცნება–ახდენილ მომავალში და იქედან გადმოხედო შენს დღევანდელობას, რათა გაარკვიო, თუ რა ნაბიჯები გადადგა აწმყოში დასახული მიზნის მისაღწევად. მაგრამ მიზან–მიღწეულ მდგომარეობაში „ჩაჯდომის“ ეს უნარი არათუ არ გამორიცხავს აწმყოსა და მომავლის მკაფიოდ გამიჯვნის უნარს, არამედ პირიქით ხაზს უსვამს მას.

არ გეგონოთ ეს სავარჯიშოები მაინცადამაინც ერთმანეთის მიყოლებითა და ერთბაშად უნდა გააკეთოთ. აკეთეთ ისინი ნაწილ–ნაწილ. გაიადვილეთ ამ სავარჯიშოთა კეთება და შეუსაბამეთ იგი თქვენს დროსა და შესაძლებლობებს. მაგალითად, როცა მანქანას მართავთ, გადაიქეცით ვიზუალად და მთლიანად ჩაერთეთ იმაში, თუ რას ხედავთ თქვენს წინ, გვეერდზე, უკან.

იცხოვრეთ აქ და ამჟამად პრინციპით და იგრძენით ყოფნის სისავსე. ნ.სარჯველაძე (15.11.2013წ.)

19 ნოემბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.