დასრულდა ჯიჯის პედაგოგიური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც თვმჯდომარეობდა ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე.
სხდომაზე მოისმინეს სასწავლო-მეთოდურ დარგში დირექტორის მოადგილის ბატონ თენგიზ ჩაკაბერიას ინფორმაცია პირველი სემესტრის შედეგების შესახებ. წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებთან და ინდიკატორებთან მიმართებაში ესგ-თი გათვალისწინებულ და დამატებით საგნებში მოსწავლეთა შეფასებამ წარმოაჩინა, რომ ჯიჯის არცერთ მოსწავლეს არ დაუმსახურება საშუალო და საშუალოზე დაბალი შეფასება, მაგრამ ეს არ იძლევა თვითდამშვიდების საშუალებას.
ჯიჯის გახსნიდან სამი თვე საკმარისი აღმოჩნდა ახალ პირობებთან და მოთხოვნებთან ადაპტაციისათვის, მაგრამ მოსწავლეთა პოტენციალის სრულად წარმოჩენა და განვითარება სასწავლო პროცესისა და მექანიზმების შემდგომ დახვეწასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს.
აღინიშნა, რომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომის უფრო ფართოდ დანერგვა და დამოუკიდებელი მუშაობისათვის მოსწავლეთა წახალისება.
მეორე სემესტრში ამ მხრივ ნაბიჯები უკვე გადაიდგა, დაინერგა ძირითადთან დაწყვილებული დამატებითი გაკვეთილები, გაკვეთილებამდე და გაკვეთილების შემდგომი ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, ახალი ფორმატის დღიურები და სხვა სიახლეები, რომლებიც აფართოებენ არჩევანის შესაძლებლობებს მოსწავლეთათვის, ზრდიან მათ მოტივაციას და აუმჯობესებენ შედეგებს.
პედსაბჭომ მოიწონა სასწავლო გეგმაში შესატანი შესაბამისი ცვლილებანი.
პედსაბჭო მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოა, რომელშიც შედის გიმნაზიის ყველა პედაგოგი. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება.