ზუგდიდში დღეს, 25 დეკემბერს მაუწყებლობა ახალმა საბავშვო ტელევიზია GG-TV დაიწყო და ამ ეტაპზე მაყურებელს 12 საბავშვო გადაცემას შესთავაზებს. ტელევიზიის ეთერში აქამდე ტელეკომპანიის ტიხრები გადიოდა.
GG-TV ზუგდიდში მდებარე ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიის ბაზაზე არსებობს და მისი აღმასრულებელი დირექტორი მაკა სამუშიაა, რომელიც მანამდე ტელეკომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი და დილის გადაცემის წამყვანი იყო. საბავშვო ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით:
„GG-TV აპოლიტიკური არხია, რომელიც გათვლილია მოზარდებზე, ტელევიზიაში მომზადდება სხვადასხვა თემატიკაზე შემეცნებით-გასართობი გადაცემები, სადაც გადაცემის წამყვანის, რედაქტორისა თუ რეჟისორის ფუნქციებს თავად ბავშვები შეითავსებენ. საბავშვო ტელევიზიის მიზანია რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი მოზარდი გამოავლიონოს და ჩართოს საკუთარ გადაცემებში,რაც პატარებს მათი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება. ტელევიზიის ტექნიკურად აღჭურვის პროცესი უკვე დასრულებულია. GG-TV დაკომპლექტებულია კვალიფიციური, მედია-სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით, რომლებიც კასტინგის საფუძველზე შეირჩნენ.ისინი ქმნიან Full HD ხარისხის სატელევიზიო პროდუქტს, და ზრუნავენ ტელევიზიის მაღალ რეიტინგზე. ასე მგონია ჩემს ცხოვრებაში მეტი აზარტი გაჩნდა. ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს და მეამაყება, რომ მყავს პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.ტელევიზიაში მუშაობენ თბილისიდან მოწვეული რეჟისორები, სცენარისტები, რომლებიც დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობენ. ჩვენი გათვლებით GG-TV იქნება არხი, ძალიან მაღალი რეიტინგით, რომელიც დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ქართულ სატელევიზიო სივრცეში“, - აცხადებს ტელევიზიის დირექტორი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ტელევიზიამ ავტორიზაცია უკვე გაიარა. GG-TV ვიდეოპორტალ myvideo-ზე და კავკასუს ონლაინისზე იმაუწყებლებს. ტელევიზიის ხელმძღვანელობა მაუწყებლობის გავრცელებას სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიებითაც გეგმავს.