15 სექტემბერს სრულიად საქართველო ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზეიმობს. დღეს როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ზუგდიდშიც განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. ქალაქის ქუჩებში სასკოლო ფორმებში გამოწყობილი თვალხატულა გოგო-ბიჭები ჟრიამულით გაუწყებდნენ მათი ცხოვრების კიდევ ერთი ლამაზი ეტაპის დაწყებას.
ლამაზი ისტორიით დაიწყო და ლამაზად გრძელდება არსებობის მეორე წელი გიმნაზიაში. გიმნაზიის დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ , "ჯიჯის" ეზოში შეკრებილ მშობლებსა და მოსწავლეებს 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
ეს დღე განსაკუთრებული იყო 15 პირველკლასელისთვის, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დაწყებითი საფეხურის პროგრამის დასრულების სერთიფიკატები გადაეცათ.
ჯიჯის მმართველმა ლევან ღურწკაიამ მიულოცა და სკოლის დირექტორთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელს მიღწეული შედეგებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი "ჯიჯის ოსკარი" გადასცა მექვსე კლასის მოსწავლეს სესილი ზარქუას.
ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიას დღესვე საზეიმო ვითარებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია, განათლების განყოფილების უფროსი გიგლა სულამანიძე, ხათუნა დარასელია (კულტურის განყოფილება) და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე ეწვივნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
განიხილეს ურთიერთ თანამშრომლობის და გიმნაზიისთვის მუნიციპალური მხარდაჭერის საკითხები.
15 სექტემბერი "ჯიჯის" ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა.