ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი
2015 წლის 5 ნოემბერს, ჯიჯი გიმნაზიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ჯიჯი გიმნაზიის დირექტორმა, ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ სასწავლებელს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
საპატიო სტუმრებს, სასწავლებლის დირექტორთან ერთად, გიმნაზიის დამფუძნებელმა, ბატონმა ჯიმშერ ღურწკაიამ უმასპინძლა. დაგეგმილ საქმიან შეხვედრაზე, რექტორმა და თანმხლებმა პროფესორებმა, ჯიჯის წარმომადგენლებს რამდენიმე საკითხზე მათი ხედვა გაუზიარეს.
მემორანდუმის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეძლებენ ჯიჯი გიმნაზიაში სტაჟირებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. დოქტორანტები სამეცნიერო კვლევებში ჩართვას, ჯიჯის უნიკალური ლაბორატორიების ბაზაზე. თავის მხრივ, ჯიჯის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, უნივერსიტეტში დაგეგმილ, ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში. სურვილის შემთხვევაში, მოხდება პედაგოგების გადამზადება, პედაგოგიური სქემის მიხედვით. ონლაინწვდომადი იქნება უნივერსიტეტის მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი. ასევე, იგეგმება სასწავლებლებს შორის დისტანციური, ონლაინ სწავლების ინტეგრაცია.
შეხვედრაზე ჯიჯის დირექტორმა პრეზენტაცია გამართა და სტუმრებს გიმნაზიის საგანმანათლებლო კონცეფცია გააცნო. რის შემდეგაც, ორი სასწავლებლის წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა, ბატონმა იმერ ბასილაძემ, სასიამოვნო სიურპროზის შესახებ გააჟღერა. მან დამფუძნებლის ოჯახს, უნივერსიტეტის არქივში მოძიებული, 1958 წლით დათარიღებული, გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ღურწკაიას პირადი საქმე გადასცა.
მოგვიანებით სტუმრებმა გიმნაზიის ინფრასტრუქტურა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზა დაათვალიერეს. საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ალექსანდრე გუშჩინმა, დელეგაციას ლაბორატორიული ხელსაწყოები დაათვალიერებია და ტექნიკური დეტალები გააცნო.

www.gg-school.ge
ბეჭდვა