ჯიმშერ ღურწკაია
ჯიმშერ ღურწკაია
ბატონი ჯიმშერის თხოვნით, გაწვდით ინტერვიუს ორიგინალ ვერსიას, რედაქტირების გარეშე. გთხოვთ, გვაპატიეთ თუკი ტექსტში აღმოაჩენთ გრამატიკულ შეცდომებს. ინტერვიუ შედგა ონლაინ რეჟიმში, ამიტომაც თან ერთვის 2010 წელს ანალოგიურ თემაზე ჩაწერილი ინტერვიუს ამსახველი ფოტო.

- ბატონო ჯიმშერ დიდი ხანია მოწყვეტილი ხართ სამშობლოს?
- 33 წელი.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ გაუცხოვდით?
- არა, ეს შეუძლებელია ) .

- სად არის თქვენი სამშობლო?

- იქ, სადაც დავიბადე. კერძოდ, უსაყვარლეს სოფელ შამგონაში და ამ შემთხვევაში უცხოეთში ყოფნის სტაჟს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა-საქართველო.

- ბევრი ადამიანი ამ კითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობს და ამიტომაც დავინტერესდი რამდენად ქართველი(ეროვნული) ბრძანდებით?))

- ტვინს გააჩნია ინფორმაციის შენახვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ველები. ადამიანს დაბადებისთანავე, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნიშნების პირველივე აღქმიდან დაახლოებით 7 წლამდე(ეპიფიზის გამაგრებამდე), სამშობლო გრძელვადიან ველში ეწერება. ეს ნიშნები ბუნებრივია და ისინი ინსტინქტურად ენახება ყველა ადამიანს, რადგან ტვინის მოწყობილობის პრინციპი ერთი და იგივეა ყველასთვის. აქედან გამომდინარე, სამშობლო, როგორც მშობელი,პირველ რიგში ბიოლოგიური მოვლენაა და სამშობლოს დავიწყება, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, შეუძლებელია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთს უფრო ღრმად აქვს მეხსიერებაში სამშობლოზე ინფორმაცია შენახული. მე ვიცნობ რამდენიმე თანამემამულეს, რომლებიც 15-20 წელია არ ჩამოსულან საქართველოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საქართველო(სამშობლო) არ უყვართ, ან არ ენატრებათ თავიანთი ოდაბადე. ასე რომ, კითხვაზე- რამდენად ვარ ქართველი? გიპასუხებთ- ქართველი ვარ, და ტვინში მაქვს ჩვენი ჰაერი, ჭის წყალი, ხაჭაპური, ღვინო)). მთელი არსებით ქართველი ვარ (მეგრული წარმომავლობით). მაპატიე, რომ ასე მეცნიერულად გიპასუხე, მაგრამ რატომღაც ამ სათუთი ცნების დამტკიცება მომინდა.

-.......და როგორ უნდა შევახსენოთ იმათ, ვისაც მივიწყებული აქვს სამშობლო? რომ მობრუნდნენ თქვენსავით და სკოლა ან სხვა საჭირო ობიექტები ააშენონ, თქვენ თვითონ როგორ გადაწყვიტეთ?)))

- რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ეს სამთავრობო ამოცანაა. ამ საკითხს, როგორც ნებისმიერ სხვას, მეცნიერული მიდგომა უნდა და შეივსება საქართველო ჩვენი თანამემამულეებით, და არა ჩინელი და ყაზახი ინვესტორებით, რომლებსაც სამწუხაროდ, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამოცანა უფრო მარტივი იქნება,თუ შევახსენებთ უხცოეთში მცხოვრებ ქართველებს, იმ მშობლიურ ნიშნებზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ანუ, პირველი ჩასუნთქული ჟანგბადი, წყლის გემო (დამეთანხმეთ, რომ მშობლიურ წყალსაც თავისებური გემო აქვს) და სხვა მოვლენები, რომლებიც ადამიანის ტვინში ილექება დაბადებიდან. უცხოელი ინვესტორებიც ნებისმიერ შემთხვევაში იგივეს იზამენ, - დაასრულებენ ფულის «ამოქაჩვას» და თავის სამშობლოში გაემგზავრებიან. ეს ბუნებრივია. ესეიგი, უნდა მოვიხმოთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, მოვეფეროთ და მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ მათ ინიციატივას. სწორედ ასე მიუდგა ჩემს წამოწყებებს ორივე მმართველი ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეშლება კიდეც პოლიტიკური პარტიების სახელწოდებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე მთავრობას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და დაფასებისთვის.

-აბა, ამბობდნენ დეპუტატობა უნდოდაო? ) ჭორი იყო?

-(იცინის) ვაიმე, რა დეპუტატობა?)) ეს, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა ჯიჯიში ჩამოსვლისას. “ჩამოდის ეს კაცი, აკეთებს ჩუმად საქმეებს და დეპუტატობაც არ უთხოვიაო”))). ამან კი გამამხიარულა.

-არ მჯერა, მართლა არ გინდოდათ დეპუტატი ან დიდი ჩინოვნიკი ყოფილიყავით?

- ჩინოვნიკობა მართლა არა, და დეპუტატობას კი განვიხილავ, როცა 76 წლის გავხდები.))

- საინტერესოა - რატომ 76?

- არ ვიცი, თავში მიმივიდა ეს ციფრი, მხედველობაში კი ეს ასაკი მაქვს..., გამოცდილებით სავსე,)) როცა უკვე შემეძლება ახალ თაობას რჩევები მივცე. ახალგაზრდობაში კი დეპუტატობა და ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩემის აზრით, სიზარმაცის მაჩვენებელია - ზიხარ ერთ ადგილას, ბევრს ლაპარაკობ, ვიღაცას ეკამამათები და ამისთვის კიდევ ხელფასს გიხდიან.))
მეურნეობა და ბიზნესი, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის - როცა ქმნი, აშენებ ახალს, ანვითარებ და ა.შ.

-კარგით, ბატონო ჯიმშერ! თუ შეგიძლიათ გვესაუბრეთ, ორიოდე სიტყვით თქვენზე. ბევრს აინტერესებს ვინ ხართ, რას მოღვაწეობთ და ასე შემდეგ, საკუთარი ტელევიზიის მფლობელი ბრძანდებით და ინტერვიუზე ვერასოდეს გითანხმებთ)..
.
- ჩემის აზრით, არაა საჭირო ვილაპარაკო ჩემზე. მოიძებნებიან ამის მსურველები. ვფიქრობ, საკუთარ თავზე საუბარი ისევ ასაკის მაჩვენებელია. 76 წლის რომ გავხდები,მაშინ მოვყვები ჩემზე). დღეს კი “მე”-ს პიარი საბედნიეროდ არ მჭირდება, მოდი საქმეებზე და მიმდინარე პრობლემებზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება?!

-კარგით, მაშინ თავად თქვით -რაზე ვისაუბროთ.

- რა თქმა უნდა მტკივნეულ თემაზე - განათლებაზე.

-თქვენის აზრით განათლება მტკივნეული საკითხია?

- კი, უფრო მეტსაც ვიტყოდი - სასწრაფოდ “სამკურნალოა”.
XXI საუკუნეში მსოფლიო სწარაფად გადავიდა ცივილიზაციის ახალ ეტაპზე - ინოვაციურზე, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მუდმივი ცვლილებაა. იცვლება ყველაფერი: ცოდნის,ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტექნოლოგიები, პროფესიები და სხვა. ეს ყველაფერი იცვლება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანთა ერთი თაობა. განათლების მიღების მეთოდები სწრაფად ძველდება, საჭიროებს ახალი, შემეცნებითი მეთოდების მოთხოვნილება. აქედან გამომდინარე,დღეს,ჩვენ ვალდებულნი ვართ სწრაფად ავყვეთ ამ ცვლილებებს და განვავითაროთ სასწავლო პროცესი. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ გამოცდებისთვის,არამედ,პირველ რიგში,ცხოვრებისთვის მოვამზადოთ. უნდა გავითავისოთ, რომ მათ ძალიან რთულ, სოციუმის ყველა დონეზე დაძაბულ საზოგადოებაში მოუწევთ ცხოვრება.

-..... და ამ მხრივ რა კეთდება დღეს “ჯიჯიში”?

- ბევრჯერ მითქვამს და მინდა ისევ გავიმეორო - მე ავაშენე “ჩარჩო”, სადაც უნდა მოთავსდეს “მხატვრული შემოქმედება” - შინაარსი. სხვაგვარად “ჩარჩო” თავის მიზანს ვერ გამოამჟღავნებს ან პირიქით.
კარგ შემოქმედებას კარგი “მხატვრები” სჭირდებაო - მეტყვით ალბათ. გეთანხმებით, “მხატვრებიც და ხელსაწყოებიც”.
მოდით განვიხილოთ რას ნიშნავს დღეს კარგი პედაგოგი? სამწუხაროდ ეს, სახელმწიფოსთვის უპირველესი ამოცანა, დღეს ძალიან დაბალ დონეზეა . არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეთოდი, როდესაც ერთი ადამიანი თავის ცოდნას მეორე ადამიანს, ან გარკვეულ ჯგუფს გადასცემს, დიდი ხანია წარსულს უნდა ჩაბარდეს. დღეს სულ სხვა მეთოდებია საჭირო: ენების, ტექნოლოგიების, თანამედროვე პედაგოგიკის, ეკონომიკის და ბევრი სხვა რამის ცოდნა. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს არ უნდა ვასწავლოთ, არამედ დახმარება გავუწიოთ ცოდნის მოპოვებაში. ეს კი პრობლემაა, რაგდან დახმარების გაწევა მაშინ შეგვიძლია, როცა თვითონ ვართ კომპეტენტური. მე, როგორც მასწავლებლის შვილმა, კარგად ვიცი, როგორ შეუცვლელად დარჩა დღემდე სახელმწიფოს მიდგომა მასწავლებლის პრესტიჟის დონეზე. სამწუხაროდ დღეს,კონკრეტულად ზუგდიდის მაგალითზე, მასწავლებლის რეიტინგის განსაზღვრა ორი ინდიკატორით ხდება: სერტიფიკატით და მშობლების აღიარებით. არ ვიცი რა კრიტერიუმებით მიდის შერჩევა და ვინ შეადგინა პროექტი სერტიფიცირების შესახებ, მაგრამ საგანგაშო უფრო მეორე საკითხია. მშობლები მასწავლებლებს აფასებენ იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის მოსწავლეს ამზადებენ კერძოდ სახლში. ვიცი, რომ ამ თემის გამო უამრავ უარყოფით გამოხმაურებას მივიღებ. ვიცი, რომ დღეს ეს დამატებითი შემოსავალი ჟანგბადივით სჭირდება პედაგოგს, მაგრამ მაინც უნდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით - რატომ ბავშვების ხარჯზე?! მოგიყვანთ ერთ მაგალითს, არ ამზადებდა მამაჩემი სახლში მოსწავლეებს,მიუხედავად იმისა, რომ სამი ბავშვის აღზრდას დამატებითი სახსრები ნამდვილად სჭირდებოდა. დამატებითი შემოსავლის მიღება სახლის პირობებში, მოსწავლეთა და მშობელთა ნდობის გამოყენებით, მგონი მიუღებელი უნდა გახდეს! მასწავლებლებს, რომლებიც “რეპეტიტორობენ”, აქვთ მხოლოდ ეს ერთი მიზანი - დამატებითი შემოსავლის მიღება. სწორედ ამ მიზეზით მათი ვალდებულებების შესრულება სასწავლო დაწესებულების ფარგლებში საგრძნობლად სუსტდება. მასწავლებელს უქრება დაინტერესება ასწავლოს სკოლაში ხარისხიანად.
მოდით, მაშინ ექიმებსაც მივცეთ უფლება სახლის პირობებში პაციენტებს გაუწიონ რთული სამედიცინო მომსახურება. ნუთუ ბავშვის განათლება ნაკლები პასუხისმგებლობაა, ვიდრე მედიცინა? მე არ ვამბობ,რომ ინდივიდუალურ მიდგომას ცუდი შედეგი მოსდევს. პირიქით, დადებითი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ასეთი მეთოდებით ბავშვი თანამედროვე ცოდნას ვერ მიიღებს, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. ეჭვი მაქვს, სახლი აღჭურვილი იყოს სათანადოდ და რაც მთავარია არ ვიცით, როგორია სახლის პირობებში განათება, გათბობა, როგორ სკამზე ზის და სხვა ბევრი დეტალი, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. დამეთანხმეთ - პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობაა მთავარი და მერე სხვა დანარჩენი.
ბოდიში მაკა, გამიგრძელდა ცოტა საუბარი, მტკივნეული საკითხია.))

-არა ბატონო ჯიმშერ, ვისაუბროთ. მინდა ჩემს შეკითხვას დავუბრუნდე. ძალიან მაინტერესებს ამ მტკივნეული საკითხის მოგვარების მიზნით რა ნაბიჯებია გადადგმული “ჯიჯიში” ან რა იგეგმება სამომავლოდ?

- ხო, დავუბრუნდეთ ჯიჯის. რა თქმა უნდა, 3 სემესტრია, რაც ვმუშაობთ და შედეგიც სახეზე გვაქვს. ბევრი სიახლე უკვე ჩავნერგეთ და ბევრსაც ვგეგმავთ.
მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია კერძო საკუთრებაა, გავდივართ ლიცენზირების პროცედურებს, რაც სახელმწიფო სტანდარტების დაცვას გვავალდებულებს. სტანდარტული პროგრამები კი არ იძლევა არჩევანის საშუალებას. როგორც ზემოთ ავღნიშნე, თანამედროვე ციფრული სამყარო სწრაფად იცვლება და სოციუმში ახალი პროფესიები ჩნდება, რომლის დაუფლებასაც რა თქმა უნდა თავისუფლად შეძლებდნენ ჩვენი ბავშვები,მაგრამ მოძველებული, “საბჭოთა” სტანდარტებით სწავლებაზე მიდგომა დიდ შესაძლებლობებს არ იძლევა. მიუხედავად ამისა, “ჯიჯი”, მუდმივი სიახლეების ჩანერგვისა და მათი ეფექტურად გამოყენების რეჟიმშია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კლასგარეშე და დამატებით მუშაობას.პირადად მე, იმ იდეის მხარდამჭერი ვარ, რომელსაც “წრეობრივი მიდგომა” ეწოდება. რაც უფრო მეტი კლასგარეშე წრე გვექნება გიმნაზიაში, მით უფრო მეტი არჩევანი ექნება ბავშვს, თვითონ აირჩიოს, მისივე ინტერესის მიხედვით, რომელ წრეში ჩაერთვება. ეს მიდგომა რა თქმა უნდა გააადვილებს კონკრეტული საგნის შესწავლას და რამდენჯერმე გაააბათილებს საკლასო-საკონვეიერო სისტემას, რომელიც სტანდარტითაა გათვალისწინებული. ბავშვები სიხარულით ესწრებიან სხვადასხვა დამატებით ღონისძიებებს.
თანამედროვე ცხოვრება არამარტო ახალი ამოცანების ამოხსნისკენ გვიხმობს, არამედ უნიკალურ ტექნოლოგიებსაც გვთავაზობს. მინდა ხაზი გავუსვა ჯიჯის აღჭურვილობას, რომლის უნიკალურობაზე მზად ვარ დავუნაძლევდე ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის ვამბობ- “შემატყობინეთ ვის აქვს უკეთესი ტექნოლოგია და ხვალვე გავრინდები, დავათვალიერებ და თუკი ჩვენ არა გვაქვს-ვიყიდი მეთქი” ეს მომენტი მართლა საამაყოა, მაგრამ სანამ შენ კითხვას დამისვამდე მაკა, მანამ გიპასუხებ მიუხედავად იმისა რომ, დღეს ჯიჯის, საუკეთესო, პროფესიონალი და უნიკალური დირექტორი ჰყავს, კადრების პრობლემა არსებობს.ძალიან დაბალია მასწავლებლებთა პროფესიონალური დონე.ვერ ვიტრაბახებთ მენეჯმენტის დონითაც. ვერ ვიპოვეთ რეგიონში პედაგოგი, რომელიც არსებული დანადგარების სათანადო გამოყენებას შეძლებს, მაგრამ, ამავე დროს არსებულმა პრობლემებმა სხვა შესანიშნავი იდეა დაბადა: ექსპერიმენტის სახით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი და დავიწყეთ განსხვავებული პროექტის შესრულების მცდელობა, რომლის ფუნდამენტური ჩანერგვაც ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება. სიახლე შემდეგში მდგომარეობს: თვეში 2-3 ჯერ (დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად) ჩამოდის პროფესორი,ჩამოყავს რამოდენიმე წარჩინებული სტუდენტი ან ასპირანტი და ატარებს ტრენინგებს საგნის სხვადასხვა თემაზე, რის შემდეგ სტუდენტები პროფესორის მორიგ ვიზიტამდე რჩებიან და ბავშვებთან სხვადასხვა მეთოდით გადიან დავალებას. მომდევნო ჩამოსვლაზე პროფესორი ცვლის ან ტოვებს პრაქტიკანტებს და ასე შემდეგ. ეს ფიზიკაში დავიწყეთ. იგივე იგეგმება ქიმიაში. ასეთი მიდგომით, მიუხედავად იმისა,რომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, მაგრამ ამ გზით ჩვენ მთლად გვერდი ავუარეთ მასწავლებლის ინსტიტუტს ,ერთი პედაგოგი კი არა, რამოდენიმე აწვდის ბავშვს ერთსა და იმავე მასალას.
რაც შეეხება ენებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია თანამედროევე ეპოქაში ორიენტირება: აპრილის ბოლოს მქონდა რამდენიმე გასაუბრება ქ. შანხაიში, ფილიპინელ პედაგოგებთან, ყველაზე გამორჩეულს კონტრაქტით ჩამოვიყვანთ ჯიჯიში.(აღიარებულია მათი რეიტინგი, როგორც ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტების). ეგრეთვე ვგეგმავთ რუსულ ენაშიც. განსხვავებულნი ვართ იმითაც, რომ ჯიჯის აქვს საკუთარი სასტუმრო, რომელიც ზუსტად ამ მისიის შესრულებას ემსახურება. მაჩვენეთ ესეც -ვის აქვს აკადემიური სასატუმრო?)).
ასევე, ძალიან სწრაფ რეჟიმში შევქმენით ჩვენი ტელევიზია- GG-TV, რომლის როლი, ბავშვების განვითარებისთვის უსაზღვროა. დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ახალგაზედისთვის ტრადიციების შემეცნებას, რასაც ახლადაშენებული მეგრული “ოდა” და “ჯარგვალი” ასრულებენ. ახლახან შევიძინეთ ახალი, კომფორტული ავტობუსი საექსკურსიოდ და კიდევ სხვა ბევრი მიმართულება, რომელსაც აქ ვერ ჩამოგითვლით..

-კარგით. ბატონო ჯიმშერ, თქვენ საკმაოდ მკაცრად ისაუბრეთ რეპეტიტორობაზე. “ჯიჯიელები” არ ეწევიან ამ საქმიანობას? თუ მათთვის ეს საჭიროება არ დგას?

- ეწევიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯიში შევქმენით სპეციალური, 190 კვ.მ. ფართის შემეცნებითი ცენტრი, სადაც ჯიჯის ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაუწიოს რეპეტიტორობა მოსწავლეს, თანამედროვე და სათანადოდ აღჭურვილ სივრცეების გამოყენებითი; თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნება დავრთეთ ნებისმიერი ბავშვის შემოყვანაზეც, (ამასთანავე ბევრჯერ შევთავაზეთ საფასურის გადახდის იურიდიულად გამართული მექანიზმები)- მაინც “ჩქარი ნაბიჯით” მიისწრაფვიან ჩვენი პედაგოგები სახლში. ჯერ ერთი, მათი უმრავლესობისთვის ეს უკვე ჩვევაა და ცხოვრების რეჟიმი. მერეც-სისტემის რეფორმირება ერთ კონკრეტულ გიმნაზიაში ძალიან ძნელია, მითუმეტეს ამ სიტუაციაში მასწავლებლის ბრალეულობა მინიმუმალურია. ისინი მსხვერპლნი არიან დღევანდელი, მოძველებული განათლების სისტემის. ჩვენ მხარს ვუჭერთ გიმნაზიის ფარგლებში განათლების მიღების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის რეპეტიტორობას, და უახლოეს პერიოდში ბოლომდე მოვაწყობთ ისე, რომ არც ჩვენი მასწავლებლები და არც მოსწავლეები არ საჭიროებდნენ დამატებით, კერძო მომზადებას სახლის პირობებში.

-ძალიან საინტერესოა განათლებისადმი ასეთი მიდგომა, მითუმეტეს ჩვენს პატარა რეგიონში. კიდევ რა სიახლეებს გვპირდებით?

- საინტერესოს ბევრ რამეს ვგეგმავთ. მაგალითად, უკვე მზად გვაქვს და მალე განვალაგებთ ეზოში გეომეტრიის მოცულობით ფიგურებს, რომლის მეშვეობითაც ბავშვები შეძლებენ თამაშით შეისწავლონ ბევრი პარამეტრი. ვამზადებთ ეზოში განსახორციელებელ ექსპერინეტებს ფიზიკაში. სრულდება მისაღები ჰოლის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 200 კვადრატულ მეტრ სივრცეს, იგი იმავდროულად საშუალებას მოგვცემს ამავე მოცულობის ფართით გაზარდოს მეორე სართულზე არსებული შემეცნებითი ცენტრი. სხვა, მრავალ საინტერესო მიდგომათა შორის მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე - ჯიჯიში შეიქმნა “პროექტთა მართვის სამსახური”, რომელიც კურირებს პროექტულ მიდგომას, დაწესებულების ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.აღსანიშნავია,რომ ჯიჯიელებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს პროექტების შემუშავების და მათი სათანადო წარსდგენის უნარი. უკვე შემდგომში, ნებისმიერი ღონისძიების წვრილმანებამდე გაწერა, მნიშვნელოვნად აადვილებს მის შესრულებას.ეს იდეა საკმაოდ სწრაფად იქნა მოწონებული, გამოიწვია თანამშრომელთა დიდი ინტერესი, რომელმაც სულ სხვაგვარად “აატრიალა ბორბალი”.

-მოსწავლეებიც არიან ჩართული პროექტულ სისტემაში?

- პროექტს, რომელიც მოსწავლეზე არ არის გათვლილი, რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს. პროექტის მიზანი გიმნაზიის მისიის შესრულების ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აქედან გამომდინარე ბავშვი ყველა პროექტის მთავარი “გმირია”. მინდა ერთერთი “ჩემი” პროექტი საიდუმლოდ გაგიზიაროთ. ახალი სასწავლო წლიდან შეფასების ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად გვინდა ჩავნერგოთ ეგრეთ წოდებული “ჯიჯი-ფული”, რომელიც გაეცემა მოსწავლეს, მისი აკადემიური მიღწევებისა და ქცევების შეფასების შესაბამისად. ამ მიზნით გაიხსნება "ჯიჯი-ბანკი", "ჯიჯი-საგადასახადო", "ჯიჯი-მაღაზია" და ა.შ. ბავშვებს პირველი კლასიდან ჩავრთავთ ეკონომიურ მოქმედებებში. "ჯიჯი-ფულის" დახარჯვა შეიძლება მხოლოდ ჯიჯის ტერიტორიაზე-კაფეში, მაღაზიაში, სათამაშო მოედანზე, ექსკურსიებზე, კინოჩვენებაზე და აშ. პროექტის “ხერხემალი” უკვე მზად მაქვს, მინდა ამ დღეებში გადავცე უფრო ძლიერ ეკონომისტებს დასახვეწად და ბოლოს ვთხოვო რამდენიმე ქვეყნის საგანმანათლებლო ფსიქოლოგებს რეცენზია. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ პროექტის.ვიცი რომ მშობლებს მოეწონებათ პროექტი, რომელიც ჩვენს ბავშვებს ცხოვრებისთვის მოამზადებს.

-მშობლები გიცნობენ ბატონო ჯიმშერ?

- ძირითადად კი. მქონდა შეხვედრა, რომელსაც თითქმის ყველა მშობელი ესწრებოდა. ბევრი ვისაუბრეთ, ვიკამათეთ კიდეც და მართალი გითხრათ ძალიან ყმაყოფილი დავრჩი შეხვედრით.
ჯიჯის ბავშვები, რაღაც განსაკუთრებულად, გამორჩეულად კარგები არიან, შესაბამისად მშობლებიც საუკეთესოები. ალბათ იმიტომ, რომ ისინი "ჩვენები" არიან.) სწორედ ამიტომ, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს და მინდა მივმართო თითოეულს პირადად - გვენდონ ბოლომდე, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს ჯიჯის მმართველობაში ან სასწავლო-მეთოდურ მიდგომებში. ყველაფერი კეთდება მხოლოდ ერთი შედეგის მისაღწევად - ჩვენი ბავშვების უკეთესი მომავლისთვის.

-გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
10 JANUARY, 2016 წ.
ბეჭდვა